ლიდსის უნივერსიტეტის ატმოსფეროს შესწავლის პროფესორი, ჯონ მარშამი აცხადებს, რომ „მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად დიდი მოსავლის დაკარგვის რისკები იზრდება, რაც საკვების ხელმისაწვდომობასა და ფასებზე ნამდვილად იმოქმედებს.” მისი თქმით, უახლოეს ათწლეულებში სურსათზე ფასების ზრდა არის მოსალოდნელი.
პროგნოზების მიხედვით, 2040 წლისთვის სიცხის ტალღები 12-ჯერ უფრო ხშირად გავრცელდება. მარშამის შეფასებით, მართალია მხოლოდ ეს მოვლენა ეკოსისტემას ვერ გაანადგურებს, მაგრამ რეგულარული და ხანგრძლივი სიცხის ტალღების შედეგად ბუნებას აღდგენისთვის დრო არ ექნება. მეცნიერის მონაცემებით, ფერმერები მთელს მსოფლიოში უკვე ამჩნევენ ამინდის გავლენას სოფლის მეურნეობაზე.
გასული წლის ოქტომებრში Bloomberg წერდა, რომ საკვები პროდუქტების წარმოებაში მსოფლიოს უმსხვილესი შვეიცარული კორპორაცია, Nestle კლიმატის ცვლილების შედეგებისგან ყავის გადასარჩენად 2030 წლამდე მილიარდ დოლარს დახარჯავს. თანხა მიმართული იქნება Nescafe-ის მიმწოდებელი ფერმერების დასარწმუნებლად, რომ სოფლის მეურნეობაში უფრო მდგრადი მეთოდები დანერგონ. Nestlé, ასევე, ფერმერებს ექსტრემალურ ამინდში კულტურათა დარგვის საუკეთესო პრაქტიკაზე ტრენინგს ჩაუტარებს და შეურჩევს ხის ჯიშებს, რომლებიც დაავადებებისა და გლობალური დათბობის მიმართ მდგრადია.
კომპანიის პროგნოზით, ტემპერატურის ზრდამ შესაძლოა, 2050 წლისთვის ყავის პლანტაციების 50%-ით შემცირება გამოიწვიოს.
„თუ ზომებს ახლავე არ მივიღებთ, მაშინ 20 ან 30 წელიწადში სიცოცხლისუნარიანი ყავის ფერმები აღარ გვექნება,” – აცხადებს Nestlé.
bpn.ge










