“არც ერთი მძღოლი არ დარჩება უმუშევარი” – ამის შესახებ დაგეგმილ სატრანსპორტო რეფორმაზე კომენტირებისას საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ მანძილზე მხოლოდ ავტობუსით მოხდება. რეფორმის განხორციელება 2025 წლის 1-ელი ივნისიდან იგეგმება.
მესხიშვილი აღნიშნავს, რომ რეფორმა ემსახურება სატრანსპორტო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რათა მძღოლებმა და მგზავრებმა კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში შეძლონ მგზავრობა.
“ჩვენ არ ვიცით ზუსტი რაოდენობა არც მიკროავტობუსების და არც იმ ავტობუსების, ვისაც მგზავრები გადაჰყავს. რაც შეეხება შეზღუდვას 150 კმ და მეტი მანძილის შემთხვევაში, ასეთი გამოცდილებები არსებობს. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, არ გვსურს, რომ მძღოლები დარჩნენ უმუშევრები. მთავარი საკითხი არის ის, რომ ახალ მოთხოვნებზე გადაეწყონ მძღოლები, პირველ რიგში, ეს უკავშირდება უსაფრთხოების სტანდარტებს. არც ერთი მძღოლი, განსაკუთრებით კვალიფიციური, არ დარჩეს არათუ უმუშევარი, არამედ მათი სამუშაო პირობები და შემოსავლები გაუმჯობესდეს და იმგზავრონ უსაფრთხოდ და კომფორტულად”, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული რეფორმის შესახებ გაცხადდა, გაჩნდა კითხვა, ვინ შეიძენს საჭირო რაოდენობის ავტომობილებს. მესხიშვილის თქმით, აღნიშნული კერძო სექტორმა უნდა უზრუნველყოს.
“ეს არის კერძო ბიზნესი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც მგზავრობის საფასურში და არც სხვა მიმართულებით ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდება. ეტაპებად არის გაწერილი პროცესი, პირველი ეტაპი იქნება რეგისტრაცია, რათა გავიგოთ რამდენი ტრანსპორტი და მძღოლია მგზავრების გადაყვანით დაკავებული”, – განაცხადა მესხიშვილმა.