“მმართველ პარტიას დასკვნით საარჩევნო ღონისძიებაზე ხალხი, იძულების გზით მიჰყავს. თუ 23-ში ამ აქციას არ შეუერთდებიან, მოუწევთ დაკავებული თანამდებობის დატოვება. ” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრმა გიორგი კილაძემ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ მხრივ გამონაკლისი არც ქუთაისი და იმერეთი აღმოჩნდა, სადაც “ქართული ოცნებისთვის” იძულების მთავარი სამიზნე საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები აღმოჩნდნენ. კონკრეტულად, სხვადასხვა სსიპ-ების, ააიპ-ების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ამ ადამიანების გარკვეულ ნაწილთან, რომლებიც პირად საუბრებში ღიად ასახელებენ იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, თუ ვინ აიძულებთ მათ. ემუქრებიან ამ ადამიანებს, რომ თუ 23-ში ამ აქციას არ შეუერთდებიან, მოუწევთ დაკავებული თანამდებობის დატოვება.
26-ში ქართველი ხალხის პასუხი იქნება ადეკვატური, მათი მთავარი არჩევანი არის “არა ქართულ ოცნებას”, “წინ ევროპისკენ”. ამიტომ, მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას”, თქვენ დაგრჩათ ხელისუფლებაში ოთხი დღე, მოიქეცით ღირსეულად”,- აღნიშნა გიორგი კილაძემ.