ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტების” წევრი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გია ყრუაშვილის სტატუსს, რომელშც აღნიშნულია, რომ 22 წლის შვილიშვილი მიაბარა მიწას, იმავე ღამეს, იმავე მიზეზით კიდევ 5 ახალგაზრდა დაიღუპა.
“დღეს ერთი კაცის პოსტი შემხვდა – თავის 22 წლის გარდაცვლილ შვილიშვილზე წერს. იქვე აღნიშნავს, რომ იმავე ღამეს კიდევ 5 ახალგაზრდა გარდაიცვალა იმავე მიზეზით, და ითხოვს ოფიციალურ სტატისტიკას ზედოზირების შემთხვევებზე ქვეყანაში. ჩვენ, სპეციალისტებიც, ამასვე ვითხოვთ – რა მასშტაბისაა პრობლემა და კონკრეტულად რომელი ნარკოტიკებით ხდება ზედოზირება.
მაგრამ ამაოდ… კიდევ რა უნდა მოხდეს?!
გააგრძელეთ ასე თქვენი “წარმატებული რეფორმა” და დავკარგავთ კიდევ უამრავ ახალგაზრდას. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ამ ქვეყანაში – წარმოუდგენელი რამ ხდება.
კარგი, ჩვენ არ გვისმენთ, მაგრამ ნუთუ ერთი ჭკვიანი ადამიანიც არ გყავთ, ვინც რამეს გირჩევთ?!
ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა. “ნალოქსონი” ქსელებში არ არის, ვერ იშოვი. ზიანის შემცირების პროგრამებს ხურავთ…
რა ვიცი, გააგრძელეთ ასე – სანამ “კრაკადილი”, “ჯეფი” და “ბიო” ნუ მეტადონზე და მეფედრონზე და ალფა ხო ყრია და სანამ საბოლოოდ არ წაიღებს ამ ქვეყანას. ისედაც წყალწაღებულები ვართ” – წერს ზურაბ სიხარულიძე.
როგორც გია ყრუაშვილი ამბობს, მის შვილიშვილს დედა ემიგრაციაში ჰყავდა და 5 წელი ნანახი არ ჰყავდა. მისივე თქმით, მთელ ენერგიას, გამოცდილებას, ძალას და სიცოცხლეს გამოიყენებს იმისთვის, რომ მისი შვილიშვილი იყოს ბოლო მსხვერპლი…
“გუშინ მიწას მივაბარე ჩემი სიმწრით გაზრდილი 22 წლის შვილიშვილი – ჩემი დათუჩა…
დედა ემიგრაციაში ჰყავდა და 5 წელი ნანახი არ ჰყავდა. მონატრებაში, ტკივილში და უსამართლობაში დალია სული…
პარასკევს შესაბამის სამსახურში ოფიციალურად შევიტანე მოთხოვნა სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვაზე, რადგან სწორედ მისი გარდაცვალების ღამეს კიდევ 5 ახალგაზრდა – 5 ანგელოზი – იმავე მიზეზით გარდაიცვალა.
ველოდები ოფიციალურ ცნობას…
და დღეს, ჩემი დათუჩას საფლავთან დადებული ფიცით ვამბობ: მთელ ჩემს ენერგიას, გამოცდილებას, ძალას და სიცოცხლეს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი დათუჩა იყოს ბოლო მსხვერპლი…
ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის – მე ვერაფერი გამაჩერებს.
ვერ გამაჩერებენ ვერც ის ადამიანები, ვინც ახალგაზრდების დაღუპვაზე ხუჭავენ თვალს, ვერც ისინი, ვინც ამ უბედურებას ხელს აფარებენ.
მე დავიწყებ ბრძოლას…ბრძოლას იმ სიმართლისთვის, რომელსაც წლებია ფარდა ადევს.
თუ რას და როგორ ვიწყებ – ამას ჩემი დათუჩას საფლავიდან მოგახსენებთ… იქ, სადაც ფიცი დავდე ჩემს ანგელოზთან”.








