ამ არჩევნებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია, – ამის შესახებ ენმ-ს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილს დაპირდა, რომ მის გასათავისუფლებლად ბოლომდე იბრძოლებს. პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პარტიის ეს გამარჯვება პოლიტპატიმრებს და იმ კანდიდატებს ეძღვნება, რომლებიც ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოდნენ.
მიშა, მინდა შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გატეხა შეუძლებელია. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იხდის სასჯელს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს ძმებს და დებს უკრაინაში. უკრაინა ჩვენს გულშია და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ლვოვიდან ხარკოვამდე და კიევიდან ოდესამდე, რომ ჩვენ მათ გვერდში ვართ მყარად, რომ ქართველი ხალხი ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდითაა. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს. მე დღეს გიწვდით მეგობრობის ხელს, ჩემი მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.