„მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლებისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები“,
– ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.
ნათია თურნავას შეფასებით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო.
„სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან, Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარეს კომპანიისთვის $80 მილიონის გადახდა დაეკისრა.










