ქუთაისში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან წყლის ავზი გადმოვარდა. შემთხვევა ჭავჭავაძის 46 ნომერში მოხდა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები არიან.
თვითმხილველების თქმით, წყლის ავზის გადმოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ ძლიერი ქარი გახდა.
“ერთხელაც გადმოვარდა, ახალი წელი მოდიოდა მაშინ, მაგალითი უკვე ჰქონდათ და უნდა ჩამოეღოთ ეს ბაკები. ის რომ ჩამოვარდა, დაიმტვრა კიდევაც… მთლიანი ინერციით არ დაეცა ამ ქალს, თორემ მოკლავდა, [სავსე არ იყო?] არა, სავსე არ გადმოვარდებოდა მაშინ”, – ყვება ადგილობრივი.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კორპუსიდან წყლის ავზის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული.
აქედან ერთი, 68 წლის ქალი ქუთაისში, დასავლეთის რეგიონულ ცენტრში იმყოფება.
ექიმის თქმით, პაციენტს მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნება და მის სიცოცხლეს არ ემუქრება.
“112-ის მიერ შემოყვანილი იქნა 68 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა თავის ტკივილი და ასევე ტკივილი გულმკერდის არეში. 112-ის გადმოცემით პაციენტს ჰქონდა ტრავმული დაზიანება, როგორც აღნიშნეს, მას ავზი დაეცა. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ის უკვე კონტაქტურია, აღენიშნება მსუბუქი მოტეხილობები, რომელსაც ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების მიზნით განთავსდება”, – განაცხადა გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმმა კობა აბულაძემ.
შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი სხვა კლინიკაშია გადაყვანილი და არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წყარო: infoimereti.ge










