პრემიერმინისტრის დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
კონკრეტული წინადადებები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მთავრობის მეთაურს საკოორდინაციო ჯგუფმა წარუდგინა, რომლის შემადგენლობაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები შედიან.
საკოორდინაციო ჯგუფი არსებული ვითარების შესასწავლად ზამთრის კურორტებზე გასული კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. შედეგად, კონკრეტულად გაიწერა შესასრულებელი სამუშაოები, ვადები და პასუხისმგებელი მხარეები.
პრემიერმინისტრმა უწყებებს მოუწოდა, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ იმისკენ, რათა გამოწვევები, რომლებიც გასული სეზონების განმავლობაში გამოიკვეთა, მინიმუმამდე შემცირდეს. მათ შორის არის საპარკინგე ადგილების რაოდენობა, გზების წმენდის ინტენსივობა, ვიზიტორების მომსახურება და ჯანდაცვის სერვისები.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად გაწერილი გეგმით, რათა სეზონი ჩავატაროთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენი მთის კურორტების რეპუტაციას, სახელს და ისე, როგორც ამას ჩვენი თითოეული მოქალაქე, ტურისტი და ჩვენი ქვეყნის სტუმრები მოელიან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმყოფებიან. უწყებები ზამთრის სეზონის განმავლობაში კოორდინირებულ რეჟიმში იმოქმედებენ, რათა კურორტების მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს.