შვედეთის ქალაქ უფსალას საკონცერტო დარბაზში მამაკაცი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და ორ ადამიანს დაეცა. ის და კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ის დაეცა, გარდაიცვალნენ. ინფორმაციას შვედეთის პოლიცია ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ფოიეში მყოფ ორ ადამიანს დაეცა.
“დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი მამაკაცი, დაახლოებით 80 წლის, ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით ასევე გარდაიცვალა კიდევ ერთი მამაკაცი, დაახლოებით 60 წლის, რომელიც ფოიეში იმყოფებოდა”, – აცხადებენ პოლიციაში.
შვედური გაზეთი Aftonbladet იტყობინება, რომ სამშაბათს საღამოს უფსალაში ლეგენდარული ABBA-ს მუსიკოსების, ბიორნ ულვეუსისა და ბენი ანდერსენისადმი მიძღვნილი კონცერტი იყო დაგეგმილი, მაგრამ ინციდენტის გამო ის გაუქმდა.
ასევე, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ დაშავდა ქალი. პოლიციის ცნობით, საკონცერტო დარბაზი, რომელიც დაახლოებით 1000 ადამიანს იტევს, ახლა დაკეტილია.
ამ დროისთვის პოლიცია მომხდარს უბედურ შემთხვევად განიხილავს.










