ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამ შედეგში წვლილი საქართველოს ბევრმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრმა შეიტანა, მათგან ყველაზე გამორჩეული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ახლა ციხეში ზის , –
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.
ევროდეპუტატმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, დებატების ერთ-ერთი სუბიექტია.
„მათ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მოგვმართეს, რომ მიუხედავად მათი კრიტიკისა ამჟამინდელ ხელისუფლებისადმი, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობასა და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის და გვთხოვეს,
რომ მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რომ არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოურ ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით“, – აღნიშნა ფოტიგამ.
“მეც მოგმართავთ, რომ მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქარველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“, – დასძინა ევროპარლამენტარმა.










