გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, გუშინ თბილისის მერიაში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გერმანელმა კოლეგებმა ვაშლიჯვრის ფერდობზე განსახორციელებელი დამცავი ღონისძიების გასატარებელი პროექტის წინასწარი ვარიანტი წარმოადგინეს.
„გუშინ თბილისის მერიაში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შედგა შეხვედრა. ჩვენმა კოლეგებმა წარმოადგინეს დამცავი ღონისძიების გასატარებელი პროექტის წინასწარი ვარიანტი. აღნიშნული იყო, რომ იდენტურია შეფასებითი ნაწილი მეწყრის გენეზისის, ტიპის, საფრთხის შესახებ, რომელიც იყო მიწოდებული ჩვენს მიერ გერმანელი კოლეგებისთვის. ასევე გამოიკვეთა აზრი, რომ გავსულიყავით ადგილზე, იყო ახალი გარემოებები გეოლოგიური თვალსაზრისით, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ერთობლივად შევაფასეთ და ამის შემდეგ მოხდება წარმოდგენილი პროექტის მცირედი კორექტირება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები“, – აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა.
ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში 23 მარტს ჩამოვიდნენ და კვლევის სამუშაოებში ჩაერთვნენ.