“შეიძლება, იმდენად დამძიმდეს, რომ მივიღოთ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი”, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენელმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს გარკვეული მედიკამენტები არ უნდა მიეღო.
“ის ღებულობდა წამალს, რომელიც არ უნდა მიეღო. მედიკამენტი დანიშნულ იქნა არადანიშნულებისამებრ. ის დოზა წამლისა, რასაც ის ღებულობდა, ნამდვილად არ არის ტოქსიური. ანუ, თქვენ რომ დალიოთ და მე რომ დავლიო, არაფერს მიზამს.
მაგრამ ადამიანი, რომელიც შიმშილობს, ორმოცდაათი დღის განმავლობაში, კარგავს გონებას, აქვს წნევები და აქვს ნევროლოგიური და არანევროლოგიური გართულებები; ამ შემთხვევაში, წამლის პატარა დოზაც მოქმედებს ისე, როგორც ტოქსიური.
მარტივად რომ აგიხსნათ, შემთხვევით შაქრის ნატეხს ნაცვლად რომ დალიოთ წნევის წამალი, ჩვეულებრივი დოზით და მან თქვენ გონება დაგაკარგვინოთ, რას ვიტყვით მაშინ? ეს წამალი არის თერაპიული დოზით, მაგრამ მან თქვენთვის მომწამვლელი აღმოჩნდა.
ის ძირითადი გართულება, რაც აქვს ახლა ბატონ მიხეილს, პოსტტრამვული სტრესია, მაგრამ ამაზე მეტად აწუხებს ვერნიკეს ენცეფალოპათია და შეიძლება, იმდენად დამძიმდეს, რომ მივიღოთ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი.
რამდენიმე დღე გამოიხატა ანორექსიის მოვლენა, ეს ანორექსიის გამოა, თუ სხვა რაიმე მიზეზია, ეს გამოსაკვლევია.“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.










