2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 15.6 პროცენტით გაიზარდა და 1 040 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფრომაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32.6 პროცენტით ნაკლებია. ცნობისთვის, საშუალო თვიური ხელფასი 2022 წელს 1 543 ლარი იყო.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2022 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 703 ლარი;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 637 ლარი;
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 547 ლარი;
- მშენებლობა – 1 500 ლარი;
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1 425 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.
ცნობისთვის, საქსტატი, როგორც წესი, აქვეყნებდა ხელფასების საშუალო თვიურ მონაცემებს. საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულს და რიგ შემთხვევებში საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ნაწილის კი – გაცილებით ნაკლები.
შესაბამისად, ექსპერტების მოსაზრებით, საშუალო ხელფასს “მედიანური ხელფასი” უკეთესად ასახავს. მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია.
შესაბამისად, თუ საწარმოში 5 ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 3 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების – 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი – 500 ლარი, საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით კი თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარი გამოდის.










