მომავალი წლიდან საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და მანდატურების ხელფასი 125 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 978 600 000 ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 293,7 მლნ ლარით.
მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 293 400 000 ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 136 მლნ ლარით. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით;
პროფესიული განათლება – 87,4 მლნ ლარი. გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე;
უმაღლესი განათლება – 148.5 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 75,8 მლნ ლარი. გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდა;
ინკლუზიური განათლება – 42,6 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების ანალოგიურად გათვალისწინებულია სპეც. მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა 125 ლარით.
bpn.ge