ქუთაისში აკაკი წერეთლისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაცია უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. ქალაქის ცეტრალური ქუჩები გადათხრილია. მოქალაქეებისა და ტრანსპორტისათვის მოძრაობა გართულებულია.
”კომპანია ბლექ სი გრუპი ერთი გრეიდერი რომ გადაატაროთ რა გახდა ასეთი. ქალაქია ეს უპატრონო, სოფელი ხო არაა. მანქანები ხომ მოისპო და ქვეითებზეც იფიქრეთ.ამ ტალახში რომ დადიან 3 თვეა. თქვენ ამას აიტანდით???” – წერს დეა მანაგაძე სოციალურ ქსელში და აკაკი წერეთლის სახელობის ქუჩის ფოტორებს აქვეყნებს.
როდის დასრულდება აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება, რა სამუშაოები ტარდება და რა ჯდება რეაბილიტაცია ამ კითხვებით ”მეგა ტვ”-მა საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართ, სადაც განაცხადეს რომ სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულამდე გასტანს:
”წერეთლის ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო 2020 წლის 17 სექტემბერს, პროექტის ღირებულებაა 6,940,484.73 ლარი, დასრულების ვადაა 2021 წლის მარტის თვე. ეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, იცვლება სავალი ნაწილის საფუძველი, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი(ბალახვნიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე ფილები, ხოლო კინო საქართველოდან ბალახვნამდე გრანიტით), საფარი იქნება ასფალტო-ბეტონის და გზა აღიჭურვება განახლებული საგზაო ნიშნებით და ჰორიზონტალური მონიშვნით.
აღმაშენებლის ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო 2020 წლის 17 სექტემბერს, პროექტის ღირებულებაა 7,373,275.99 ლარი, დასრულების ვადაა 2021 წლის აპრილის თვე. ეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, იცვლება სავალი ნაწილის საფუძველი, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი(ფილები), განახლდება ველოსიპედის ბილიკი, საფარი იქნება ასფალტო-ბეტონის და გზა აღიჭურვება განახლებული საგზაო ნიშნებით და ჰორიზონტალური მონიშვნით.” – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ”მეგა ტვ”-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.