გელათის ტაძრის წინამძღვრის, მამა იოსებ ბურჯანაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
მამა მონასტრის არქიმანდრიტმა დაზიანებები კელიაში გაჩენილი ხანძრით გასული წლის 16 იანვარს მიიღო.
“გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლის საბანს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო ცეცხლი მოედო მთელ ოთახს. შემთხვევით, თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა გაჩენილი ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მაშინვე შევიდა სტუმრების სენაკში და გამოიტანა ალმოდებული საბანი, რომლისგანაც მის სამოსელსაც გადაედო ცეცხლი…
ვიდრე სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდოდნენ, ბერები შეეცადნენ თავიანთი ძალებით ჩაექროთ ხანძარი. არქიმანდრიტი იოსები მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში”, – ასე აღწერდა ეპარქია იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს.
არქიმანდრიტს სხეულის 50 პროცენტის დამწვრობა ჰქონდა. ის ჯერ ქუთაისში მკურნალობდა, შემდეგ კი მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
მამა იოსებ ბურჯანაძე გელათის მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ქუთაისში ათასობით ადამიანი ჩავიდა.









