თბილისის მერსა და აქტივისტებს შორის დაწყებული ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ,,მაისურების ომში” გადაიზარდა. ,, სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური”, თუმცა მერს მაინც სურს მაისური გადასცეს – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე პირს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რაც არ გამოუვიდათ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი – ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს – მაგ პიროვნებას”, – განაცხადა კალაძემ.
თავის მხრივ, სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირი, აპირებს, რომ კალაძეს მაისური გაუგზავნოს, სადაც აღბეჭდილია 7 ნოემბრის შემდეგ კახა კალაძე და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ის არ მალავს თავისი პოზიციებს, განსხვავებით კალაძისგან, რომელიც 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილს და იმ „ხელისუფლებას “აპრავებდა”.
„მე არ ვმალავ ჩემს პოზიციას, არ მრცხვენია და ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, მაგრამ თვითონ რომ ფარჩაკია და 2007 წელს, ყბადაღებული 7 ნოემბრის შემდეგ მიშას, იმ ხელისუფლებას რომ „აპრავებდა“ და მიშასთან სურათებს იღებდა, აი, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და მივუძღვნა ბატონ მერს, თავის მმართლებელს, ვაპირებ, რომ გავუგზავნო”, – განაცხადა მან.
რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ აქტივისტმა თავად შემოიხია მაისური, ის ამბობს, რომ კადრებში ყველაფერი ჩანს.
“რა სისულელეა, ვიდეოც არის, როგორ მქაჩავას, რა შემოვიხიე? ბოლო სიტყვებით იგინებოდა, მქაჩავდა, შენელებული კადრებიც არსებობს, ფოტოებიც, თან ხმაც ისმის, როცა ცუდ სიტყვებს მეუბნება”, – აღნიშნავს აქტივისტი