2 კვირის წინ, ლოს ანჯელესის სანაპიროდან 16 კილომეტრში “DDT”-ის სახელით ცნობილი მომწამვლელი რადიაქტიური ნაერთით სავსე კასრები აღმოაჩინეს.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ წყნარი ოკეანის ფსკერზე, ქალაქ ლონგ ბიჩსა და კუნძულ სანტა კატალინას შორის, 25,000 ბარელი ტოქსიკური ნარჩენია ჩაძირული!
DDT მეცნიერებმა 1939 წელს შექმნეს და მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცების მალარიისგან დასაცავად იყენებდნენ. ომის დამთავრების შემდეგ ამ ქიმიური ნაერთით ხალხმრავალი პლაჟები იწამლებოდა, რათა იქ კოღოები და სხვა მავნებელი მწერები გაენადგურებინათ. თუმცა, 1960-იან წლებში სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ DDT ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც დროთა განმავლობაში ადამიანებისა თუ ცხოველების ორგანიმზში გროვდება და მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ექსპერტების განცხადებით, ახლად აღმოჩენილ ტოქსიკურ ნარჩენებს უდიდესი ეკოლოგიური ზიანის მოტანა შეუძლია. ამას ბოლოდროინდელი კვლევებიც მოწმობს, რომელთა მიხედვითაც, კალიფორნიის სანაპიროსთან მობინადრე ყოველი ოთხი ზღვის ლომიდან ერთი სიმსივნით არის დაავადებული. აღსანიშნავია, რომ DDT საფრთხეს არა მხოლოდ წყლის ბინადართათვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც წარმოადგენს, რომლებიც ამ რეგიონში მოპოვებული ზღვის პროდუქტებით იკვებებიან.