მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას 3 წლით. ეს ინიციატივა გულისხმობს მედიის ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პრობლემა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
„პირველ რიგში, ამის საჭიროება გამოწვეულია იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, პანდემიით, რომელმაც სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა.
ასევე ამ ინიციატივის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელის ინიციატივის შემდეგ, რომელიც გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვას და მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას.
სხვა მოცემულობაში ეს ინიციატივა იქნებოდა სწორი და გამართული. „ლელო“ აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამენტო არჩევენებამდე ითხოვდა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცხადი პოლიტიკური მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ აზარტული თამაშებიდან სარეკლამო ბაზარზე შესული თანხის სახით დისკომფორტი შეუქმნას მედიას და კრიტიკული მედია ამ ფორმით შეავიწროვოს“, – განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მიზანი არის არა აზარტული თამაშების რეგულირება, არამედ მედიაზე ზეგავლენის მოხდენა.