წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, პენიტენციური სისტემა პატიმრების სხვადასხვა მეთოდით გაჩუმებაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
სახალხო დამცველის შეფასებით, ამ მხრივ უმთავრესი პრობლემაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
„ძალადობის მსხვერპლი პატიმრები ხშირად, მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან არიდების მიზნით, დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან მიღებული დაზიანებების წარმოშობის რეალურ მიზეზებზე არ საუბრობენ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმრები საჩივრების გაგზავნისგანაც იკავებენ თავს. აღნიშნულს სახალხო დამცველის აპარატში ნახევრად ღია პენიტენციური დაწესებულებებიდან წლიდან წლამდე საჩივრებით მომართვიანობის კლების ტენდენციაც ადასტურებს. არის შემთხვევები, როდესაც პატიმრებს პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით, ხანგრძლივად ათავსებენ. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, პატიმრების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი, რა დროსაც, ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად იდენტური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ.
„გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი კი შაბლონური, ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. არავინ იცის ერთი პატიმარი რატომ გაათავისუფლეს, მაშინ როცა იგივე მოცემულობის საქმეებში სხვა პატიმრის მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღეს. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე რამდენიმეწლიანი დაკვირვება ნათლად გვაჩვენებს, რომ გადაწყვეტილებების მიღება არ ეფუძნება ლოგიკას და კანონის მოთხოვნებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობას, რომ დროულად გაასაჯაროოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2021 წლის ვიზიტის ანგარიში, სადაც კომიტეტის შეფასებები და რეკომენდაციები უნდა იყოს ასახული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.