კორონავირუსის სამკურნალო ახალმა პრეპარატმა, EXO-CD24-მა თელ-ავივის იჩილოვის სამედიცინო ცენტრში კვლევის პირველი ფაზა წარმატებულად დაასრულა.
იჩილოვის სამედიცინო ცენტრის განცხადებით, პრეპარატი კოვიდით ინფიცირებულ ადამიანებს ვირუსის სწრაფად დამარცხებაში დაეხმარა.
„ეს დიდი გარღვევაა“,- განაცხადა ცენტრის პროფესორმა, ნადირ არბერმა.
მისი თქმით, EXO-CD24-ს 30 ინფიცირებულ პაციენტზე გამოსცადეს, რომლებსაც ვირუსის საშუალო ან მძიმე ფორმა ჰქონდათ.
პრეპარატის მიღების შემდეგ 29 პაციენტს გამოჯანმრთელებისთვის 3-5 დღე დასჭირდა. 30-ე პაციენტს კი სრულად განკურნებისთვის რამდენიმე დღით მეტი.
ისრაელი მეცნიერების ცნობით, პრეპარატი ციტოკინურ შტორმს ებრძვის (იმუნური სისტემის პოტენციურად ლეტალურ რეაქციას კორონავირუსზე). მათივე ინფორმაციით, სწორედ ციტოკინური შტორმი იწვევს კოვიდით გარდაცვალების შემთხვევების უდიდეს ნაწილს.
იმუნური სისტემის დასამშვიდებლად EXO-CD24-ს ცილა სახელწოდებით CD24 პირდაპირ პაციენტის ფილტვებში გადააქვს.
ცილა იმუნურ სისტემას ამშვიდებს და ციტოკინურ შტორმს ებრძვის.
„პრეპარატის მიღება ინჰალაციის გზით ხდება. პაციენტმა ის დღეში ერთხელ, რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა ჩაისუნთქოს. მკურნალობა 5 დღის განმავლობაში გრძელდება“,- აცხადებს არბერი.
პრეპარატის კვლევის პროცესი კვლავ გაგრძელდება. თუმცა, მეცნიერებს სჯერათ, რომ ის კოვიდთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„შესაძლოა პრეპარატმა ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული გადაარჩინოს. კვლევის პირველი ფაზის შედეგები შესანიშნავია“,- აცხადებს იჩილოვის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, რონი გამზუ.