კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები. ორგანიზაცია, ასევე, აუცილებლად მიიჩნევს მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.
“დემოკრატიული ინსტიტუტის” თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მედიაზე თავდასხმის ფაქტები გახშირებულია და ჟურნალისტებზე თავდასხმით სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოირჩევიან.
“ბუბა ჩივაძის მიმართ პოლიციის ქმედებები ყოველგვარ ზღვარს არის გაცდენილი. ამ ფაქტის სამართლებრივ ლოგიკაში შეფასება ცოტა რთულია, თუმცა უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჰქონდა ადგილი ჟურნალისტის მიმართ.
ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ თავდასხმებით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ და სიძულვილის ენით, რაც ზოგადად აღვივებს საზოგადოებაში სიძულვილის ენას.
ხელისუფლებას არ დარჩა არაფერი, იმ ქმედებებისა, გარდა, რომ იძალადოს ჟურნალისტებზე, იძალადოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, აქტივისტებზე და ა.შ
ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება, სხვა შემთხვევაში რეაგირების გარეშე დატოვებულ საქმეებს, მივყავართ კიდევ უფრო მძიმე საქმეებამდე”,- თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.
გუშინ, 5 აპრილს ქუთაისის მერიის შენობაში “ქუთაისი თუდეის” რედაქტორმა მერისკაბინეტთან შიმშილობა გამოაცხადა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ ის შენობიდან იძულებით გაიყვანა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტს ბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო გამოიძახეს და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუბა ჩივაძემ მერთან შესვლას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, მერიის დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173-ე მუხლი წარუდგინეს, რაც პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.