კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეორე კლასელ მოსწავლეს მასწავლებელი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარის დეტალებზე ბავშვის დედა “მთავარ არხთან” საუბრობს და ყვება, რომ შემთხვევას წინ თანაკლასელებს შორის დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მის შვილს ყელის არეში დაზიანება მიაყენა. დედა ამბობს, რომ ამ ფაქტის შემდეგ კლასის დამრიგებელმა დაზარალებულ ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სილა გაარტყა.
7 წლის ბავშვის ოჯახი უკვე ერთი თვეა სკოლის დირექციისგან პასუხს ითხოვს, თუმცა, დედა განმარტავს, რომ ზეწოლა მოსწავლეზე ახლა დირექტორის მხრიდან დაიწყო.
“ბავშვებს შორის მოხდა უთანხმოება, რის შემდეგაც ბავშვებმა, კლასელებმა ჩემს შვილს ყელში მავთული წაუჭირეს. შემდეგ ამ ყველაფერს შემდეგ მასწავლებელმა ჩემს შვილს გაარტყა სახეში. ბავშვები არიან დარიგებულები სავარაუდოდ იმიტომ, რომ გამოჰყავთ ჩემი შვილი მწყობრიდან, ეძახიან სხვადასხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს კლასში მასწავლებელს უთქვამს, რომ შენ 10-ანს აღარ დაგიწერ, იმიტომ, რომ შენ და დედამ იჩხუბეთ”, – ამბობს ბავშვის დედა.
სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.
რესურსცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ საქმის წარმოება მშობლის მიმართვის შემდეგ დაიწყო და რამდენიმე დღეში დისციპლინური კომიტეტი შეიკრიბება, რომელიც საკითხზე იმსჯელებს.
წყარო: mtavari.tv