კაცობრიობის ისტორიაში პირველად გრენლანდიის ყინულის საფარის ყველაზე მაღალ წერტილზე თოვლის ნაცვლად, წვიმა წამოვიდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უმეტესობის მსგავსად, გრენლანდია ტემპერატურის ძლიერ მატებას განიცდის. თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის (NSIDC) სამიტის სადგურმა რამდენიმე საათიანი წვიმა 2021 წლის 14 აგვისტოს დაადასტურა.
ყინულის საფარი ჩვენი პლანეტის იმ ადგილებში წარმოიქმნება, სადაც ჩვეულებრივ ზაფხულში არ მიმდინარეობს დნობის პროცესი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულში ეს მსოფლიოს უდიდეს კუნძულზე ტემპერატურის გამყინავ ზღვარს მაღლა ასვლის მესამე შემთხვევაა. თუმცა გრენლანდიაზე წინა ბოლო დათბობა მხოლოდ თბილი ტემპერატურით იყო გამოწვეული, რაც ზაფხულის ტბების მზარდ ქსელს ქმნიდა და შესაბამისად, ლღობას აჩქარებდა.
საგულისხმოა, რომ წვიმა არა მხოლოდ ადნობს თოვლს, არამედ გავლენას ახდენს ყინულის გრძელვადიან დინამიკაზე. წვიმა ყინულის იმ ფენაშია მოქცეული, რომელიც უფრო მუქია და თავის მხრივ, უფრო მეტ სითბოს შთანთქავს, ვიდრე მყინვარის ჩვეულებრივი თეთრი მკვრივი ფენა. ამან შეიძლება, ყინულის საფარის დატბორვა გამოიწვიოს და საბოლოოდ მეტად გაზარდოს ლღობის მასშტაბი.
გრენლანდიის ყინულის საფარი საკმარის მტკნარ წყალს შეიცავს ზღვის დონის 6 მეტრით ასამაღლებლად. ამასთან, მას დიდი გავლენა აქვს ამინდსა და კლიმატზე. IPCC– ის ბოლო მოხსენების თანახმად, ტემპერატურის 2 გრადუსზე მეტი მატება ამ მასიური ყინულის ფენის დაშლას გამოიწვევს.
თავის მხრივ, რეგიონის მკვიდრი თემები ყინულის დნობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს აწყდებიან და ველური ბუნებაც ამ ცვლილებების გავლენას განიცდის. გარდა ამისა, ეს პროცესი ტროპიკული მუსონების ბუნებასაც ცვლის. ეს მსოფლიოს მასშტაბით ერთობლივ მუშაობას მოითხოვს, რათა საგანგაშო პროცესი მეტნაკლებად შემსუბუქდეს ან აღმოიფხვრას.