,,( თუ ვინმეს ნერვები გაქვთ, მე უკვე გავჭედე და ზღაპრებს ვწერ)
კაცი, რომელიც წაშალეს
იყო ერთი კაცი, რომელიც არავის ასვენებდა, ყველაზე მეტად კი საკუთარ თავს. როცა მოშივდებოდა, შეჭამანდით სავსე ქვაბს მიწაზე გადმოაპირქვავებდა , მერე იდგა და ტიროდა, რა ვქნა, მშია, საჭმელი არ მაქვსო. წყალი რომ მოუნდებოდა, ღამით ჭასთან მივიდოდა, შხამს გაურევდა, დილით კი მოთქვამდა, მწყურია, რა დავლიოო. ყველა ჩხუბის წამომწყები ის იყო, ჩხუბს ვიწყებ, რომ ჩხუბი დავასრულოო, ამბობდა, დადიოდა თავპირდამტვრეული. მეზობლის ცუგას ქვებს ესროდა და როცა ის ძაღლი საკბენად გამოეკიდებოდა, ღრიალით შევარდებოდა მეზობელთან, შენმა ძაღლმა კბენა დამიპირა, მიდი, მოკალიო. მოკლედ, არავის უყვარდა ეს კაცი და, პირველ რიგში, საკუთარი თავი არ უყვარდა, სძულდა, ისე სძულდა, რომ საკუთარი თავისგან სხვა ქვეყანაში გაქცევა გადაწყვიტა. ჩაალაგა ჩანთა და მეზობელ ქვეყანას სთხოვა დახმარება, ჩემს ქვეყანაში მავიწროებენ და დამმალეო. სთხოვა რა, დაემუქრა… მეორე ქვეყანამ, მოვიდეს, ცხოვრება აიწყოს, რას დამიშავებსო. ჩაალაგა კაცმა ბარგი და საკუთარი თავისგან გაქცეული მეორე ქვეყნის საზღვარს მიადგა, საზღვარი როგორი იყო? როგორი და ეკლიანი, გაახსენდა, რამდენიმე წლის წინ მეზობელ ქვეყანას ვაშლის ბაღი წაართვა და ეკლიანი ღობე შემოავლო, ბაღი გახმა, ეკლიანი ღობე კი დარჩა. სცადა ღობეზე გადასვლა, კარგა ბარაქიანად დაისერა ხელ-ფეხი, ბოლოს, გადავიდა როგორღაც და მეზობელ ქვეყანას ჩხუბი დაუწყო, ეს რანაირი მეზობელი ხარ, ეკლიანი ღობე გარტყიაო. მეზობელმა ქვეყანამ მხარი აიჩეჩა, თვითონ გააკეთე, მე რას მემართლებიო, მაგრამ მაინც დიდხანს იდგა და ჩხუბობდა კაცი. ბოლოს, როგორც იქცა, მეზობელ ქვეყანაში ერთი სახლი მოძებნა და იქ ცხოვრება გადაწყვიტა. შევიდა სახლში, დიდი უცნაური სახლი იყო, ფანჯრები ჩამსხვრეული ჰქონდა, ფარდები ჩამოწყვეტილი, ბუხარი მონგრეული, ჭერიც ჩამოქცეული, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, შევიდა თუ არა ახირებული კაცი დანგრეულ სახლში, ეგრევე თავისი თავი გამოეგება. გაახსენდა კაცს, ეს სახლიც მისი დანგრეული იყო, გაახსენდა კი არა, თავისმა თავმა გაახსენა, რომელსაც ვერაფრით გაექცა, სად არ იარა, სად არ დაემალა.
გამოვიდა სახლიდან და ახლა სხვა სახლის ძებნა დაიწყო, დაინახა მწყემსის ეზო და ფარეხში შევიდა, ყველა ცხვრისთვის ყელი გამოეჭრა მწყემსს, იჯდა და წუწუნებდა. შეხედა კაცმა და ისევ თავისი თავი იცნო, თავისი თავი, რომელსაც ასე გაურბოდა.
მოკლედ, რაღა გავაგრძელო, წყალში ჩაიხედავდა, საკუთარ თავს ხედავდა, დაიძინებდა, საკუთარი თავი ესიზმრებოდა, ხელებს იბანდა და ესეც თავისი ხელები იყო, სისხლიანი, ავის მქმნელი.
დაიღალა კაცი, ვერსად გაექცა თავის თავს, რომელ კედელს არ მიაწყდა, რომელ ქვეყანაში არ გაიქცა, ყველგან თავისი თავი, თავისი ჩადენილი ცუდი საქმეები ხვდებოდა.
დაჯდა და ტირილი ამოუშვა. თავისი საქმეების კი არ რცხვენოდა, უბრალოდ ძალიან შეაწუხა თავისმა თავმა.
ბედად, იქვე ერთმა ბიჭმა გამოიარა, ზოლიანქურთუკიანმა, ნამტირალებმა, ცრემლებისგან ლოყებდაშაშრულმა.
ის ბიჭიც, თავისი სახლიდან ამ ახირებულმა კაცმა გამოაგდო, დადიოდა და თავის მშობლებს ეძებდა.
ბიჭს პაწია აბგა ჰქონდა, რომელშიც პიჟამო, ორიოდე ნატეხი შოკოლადი, საწვიმარი და ერთი საშლელი ჰქონდა, საშლელი, რომელსაც ღრუბლების წაშლა შეეძლო.
სანამ მშობლებს იპოვიდა, გულს ასე იმშვიდებდა ბიჭი, გახედავდა მზიან ჰორიზონტს, თუ სადმე ცის ლურჯისა და მზის ყვითელის გარდა რამე ლაქა იყო, ეგრევე შლიდა- შავ ღრუბლებს, საშიშ ელვას, ციდან ჩამოცვენილ რკინის სეტყვას.
დაინახა ბიჭმა კაცი, რომელიც თავისმა თავმა შეაწუხა, უყურა, უყურა და შეეცოდა. ამოიღო თავისი საშლელი, რომელიც ღრუბლებს შლიდა და ჰორიზონტიდან კაცის წაშლა სცადა, იქნებ თავისმა თავმა დაასვენოსო.
ჰოდა, ჰოი, საოცრებავ, წაიშალა კაცი, აღარ იყო. ჰოროზონტი ისევ ლამაზ, ნათელ ფერებად გადაიშალა, სადაც ხორბლის ოქროსფერ ყანას დანათოდა გაცისკროვნებული, თბილი მზით გადაბრდღვიალებული ცისფერი, ცისფერი ცა. დღე იყო, მაგრამ ვარსკვლავებიც ანათებდნენ, მერე რა.
ილუსტრაცია Nancy Woland” – წერს სოციალურ ქსელში Diana Anthimiadou.










