“კატასტროფული მდგომარეობაა. წასული ფეხბურთელებიდან ზოგმა უეფაში გვიჩივლა და კლუბმა, შესაძლოა, ლიცენზირების პროცესი ვერ გაიაროს…
ამაზე უარესს დღეში ვერ ვიქნებით. ეს პიკია და იმედი მაქვს, დროულად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც გუნდს გვერდში დაუდგება და დაეხმარება.”-ეს განცხადება მატჩის წინ “ტორპედო”-ს მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა. ასე ის გუნდში ბოლო დროს შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის XXXI ტურის ფარგლებში “საბურთალოს” უმასპინძლებს. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.
გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში/მატჩებში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს.
რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, “საბურთალოსთან” მატჩისთვის 17 და 19-წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან.