აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მელანო ცირეკიძე ესეების კონკურსის ,,ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” გამარჯვებულია – ინფორმაციას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ავრცელებს.
,,კონკურსის თემა ეხებოდა ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) უპირატესობებს მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური განვითარებისთვის იმერეთში”. თემაზე მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ნათლად გამოჩნდა პრობლემები იმერეთის მასშტაბით. ასევე, ევროკავშირის სიკეთეები, შესაძლებლობები, რომელსაც გვაძლევს და რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს საქართველომ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მოულოდნელი იყო გამარჯვება. მოულოდნელად დამირეკეს, მითხრეს, რომ გავიმარჯვე და უნდა ჩავსულიყავი. ძალიან გამიხარდა. ემოციებს ვერ აღვწერ. კარგი ყოფილა შრომა რომ გიფასდება. მადლობა ჩემს ხელმძღვანელს ქალბატონ მედეას და ჩემს უნივერსიტეტს.” – ამბობს მელანო ცირეკიძე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ფულადი ჯილდო და სერთიფიკატი პარლამენტში კამპანია – „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ დახურვის ცერემონიაზე გადასცეს.











