წინანდლის ტყეში 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პარლამენტის ყოფილი წევრის, ზურაბ ზვიადაურის ერთ-ერთი ადვოკატი კახაბერ ცნობილაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
„ბატონი ზურაბი მოქმედებდა მართლზომიერად და თავდამსხმელი მართლსაწინააღმდეგოდ.
ზვიადაურმა რაც გააკეთა, იძულებული იყო გაეკეთებინა, რათა საკუთარი და ძმის სიცოცხლე გადაერჩინა.
ზურაბ ზვიადაური თავდამსხმელს საერთოდ არ იცნობდა. იქ მისული იყო იმიტომ, რომ თავისი ძმა გამოეყვანა იქიდან, შარს აერიდებინა, მაგრამ ვერ მიუსწრო და ვერ შეძლო. დაუგვიანდა მისვლა იმიტომ, რომ თავდამსხმელი უკვე ისროდა ავტომატურ იარაღიდან. დღეს ველოდებით ბრალის წარდგენას. გავეცნობით საქმის მასალებს. ეს ინფორმაცია გვაქვს თავად ზურაბისგან და იმ პირებისგან, ვინც მომხდარს შეესწრო“, – უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში ზვიადაურთან შეხვედრის შემდეგ.










