“ბათუმელები” მესამე პრეზიდენტის მარშრუტს ავრცელებს.
პირველ ვიდეოკადრებში სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ ახლოს ჩანს ბათუმის საბაგირო, თუმცა ამ ვიდეოს შემოვლებული აქვს თეთრი ჩარჩო, სავარაუდოდ ეს არის, ე.წ. აიპადი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე გადაღებული კადრები ტელეფონით გადაიღეს და ისე გაავრცელეს.
საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანს სასტუმრო „ველმონდი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია სანაპიროს მხრიდან, ასევე სხვა ინფრასტრუქტურა.
მეორე ვიდეოს მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, არდაგანის ტბასთან. ასევე კადრებში ჩანს კომპანია „ორბის“ და „ალიანსის“ მშენებარე თაუერები რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩებზე.
კადრში ჩანს ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ახალი ბულვარის ერთ-ერთ ალეაში მოძრაობს, ის გადაღებულია ასევე რუსთაველის ქუჩის ბოლოს გამწვანებულ წრიულთან, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.
ვიდეოს გამოქვეყნებამდე სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია.