იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
კანონპროექტის თანახმად, “იარაღის შესახებ” კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ ორგანოს განესაზღვრება ვალდებულება, ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. აგრეთვე, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება.
როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროექტის მიხედვით, შეიქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიითა და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი ელექტრონული ბაზა.
“ეს ბაზა იარსებებს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს, ვისაც დასჭირდებათ ეს ინფორმაცია კონკრეტული მიზნობრიობით, ექნებათ მასზე დაშვება.
რაც შეეხება მიზნობრიობას, ესენია: იარაღის ნებართვის მიღება/გაუქმება და ამ შემთხვევაში ბაზაზე წვდომა შსს-ს ექნება; კერძო დაცვითი საქმიანობის დროს ლიცენზიის გაცემა; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემა ან ჩამორთმევა; ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რისკის შეფასების დროს შემაკავებელი ორდერის გამოცემა; დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის პირველადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება; თუკი პირს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემაში დასაქმება სურს და სამსახურებრივი საშტატო იარაღის გაცემის დროს”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ