საქართველოს საპატრიარქო წერს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციები, თითქოს პატრიარქმა კომენდანტის საათზე და შეზღუდვების გაუქმებაზე ქადაგების დროს ისაუბრა, ტყუილია. განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს, წერია, რომ ილია მეორე 4 აპრილის საკვირაო ქადაგებაზე საერთოდ არ ყოფილა:
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 20201 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მეტიც, უწმინდესი და უნეტარესი 4 აპრილის საკვირაო მსახურებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუვებისა და რეგულაციების დაცვის შესახებ არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები, საქართველოს საპატრიარქოსა და თავად უწმინდესისა და უნეტარესის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც მოგვიწოდებენ, დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას” ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქო კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.