თუ თემა არ გაინტერესებთ, ნუ მობრძანდებით! რატომ მოდიხართ თუ არ აშუქებთ კონკრეტულ საქმეს?! თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორი ურთიერთობა გვექნება, – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების განმარტება ითხოვეს.
კალაძის თქმით, მედიასთან ურთიერთობის ფორმებს იმ შემთხვევაში გადახედავს, თუ მედიასაშუალება მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას არ გააშუქებს. მისი მტკიცებით, თუ მედიას არ აქვს მისი ღონისძიებების გაშუქების ვალდებულება, არც მას აქვს თანამშრომლობის ვალდებულება. კითხვაზე რას ნიშნავს ზომების მიღება, კალაძემ უპასუხა რომ უბრალოდ აღარ დაპატიჟებს მედიაორგანიზაციას ღონისძიებებზე და აღარ ითანამშრომლებს მასთან.
“ჩემი მხრიდან ყოველთვის გამოვხატავდი, გამოვხატავ და მომავალშიც გამოვხატავ ურთიერთობისა და კომუნიკაციის მზადყოფნას.
არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე თქვენს დასმულ შეკითხვებზე თავი ამერიდებინოს და არ მეპასუხოს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ღონისძიებები შეიძლება ყოფილიყო და შეიძლება თქვენ მიერ დასმული კითხვა იმ ღონისძიების კონტექსტში არ ყოფილიყო და სხვა თემას ეხებოდა.
ყოველთვის ვპასუხობდი კითხვებს. მგონია, რომ არასწორია იმ კონკრეტული თემებისა და საკითხების არ გაშუქება, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტს, თბილისში მიმდინარე პროექტებს, სამუშაოებს.
ეს ქალაქი ხომ ყველასია, ჩემი, თქვენი, ჩვენი შვილების და შესაბამისად, ის სიკეთეები, რომელიც ამ ქალაქისთვის კეთდება ყველა თანაბრად ვისარგებლებთ, მიუხედავად სხვადასხვა სარწმუნოებისა და ა.შ.
თუ თემა არ გაინტერესებთ, ნუ მობრძანდებით.
რატომ მოდიხართ თუ არ აშუქებთ კონკრეტულ საქმეს?!
თუ ეს გაგრძელდება, რა ფორმა ექნება ამას, ნახავთ!
რა თქმა უნდა, არაა სწორი ასე მედიასთან საუბარი და ძალიან არ მსიამოვნებს ამაზე რომ მიწევს ლაპარაკი.
იმიტომ მივმართავ ამ ფორმას, რომ არასწორად იქცევით. ღონისძიებაზე ხართ დაპატიჟებული და უნდა გააშუქოთ ეს კონკრეტული ღონისძიება.
ჩვენს სამსახურს აქვს გაკეთებული მონიტორინგი და არცერთი ღონისძიება არ გაქვთ გაშუქებული.
თუ თქვენ არ ხართ ვალდებული, არც მე ვარ ვალდებული ვითანამშრომლო”, -განაცხადა კალაძემ.