„ჩემი აზრით, ივანიშვილი შიშით შეპყრობილი ადამიანია. მისი გეგმა თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული.
მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ მაკრონის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას ორმაგი მოქალაქეობა“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე. მკვლევარი, ფსიქოლოგი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი და აქტივისტი, რომელსაც „ბათუმელები“ საპროტესტო აქციების დინამიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ესაუბრა.
- დავით, 40 დღე უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქვეყანაში. მიუხედავად დასავლეთის მხრიდან არაერთი მოწოდებისა, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, „ოცნება“ არ აპირებს უკან დახევას. თქვენ, როგორც მოქალაქე, აქტივისტი, როგორ ხედავთ ბრძოლის გაგრძელების გზას?
ამ ხნის მანძილზე პროტესტის ბევრი ფორმა გამოიყენეს მოქალაქეებმა და არ არის აუცილებელი, რომ პროტესტი იყოს ერთსა და იმავე ადგილას. რისი გამოყენებაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, არის გაფიცვა.
იყო რამდენიმესაათიანი ანუ სიმბოლური გაფიცვის ფორმაც გამოყენებული, მაგრამ არა მასშტაბური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს გაფიცვების ისტორია და არც პროფკავშირებია ისე განვითარებული, როგორც უცხოეთში. თუმცა მიმაჩნია, რომ გაფიცვას ალტერნატივა არ აქვს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩის პროტესტები უნდა შეჩერდეს. მთავარი საფრთხე იყო, რომ ახალი წლის დღეებში შენელდებოდა პროტესტი. „ოცნების“ მთავრობამაც დაამატა უქმე დღეები, რომ შეექმნა უწყვეტი, ე.წ „საცივის“ პერიოდი, როცა ხალხი არ გამოდის გარეთ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
სერბეთში იყო იგივე სიტუაცია 2022 წელს, როცა ოპოზიცია დავობდა არჩევნების გაყალბებაზე და ქუჩის აქციები მიმდინარეობდა, იქ 30 დეკემბერს შეწყდა აქციები, საახალწლოდ ხალხი დაიშალა და ჩვენ ეს საფრთხე ავირიდეთ.
14 იანვრამდე წავალთ ალბათ ამ ტემპით, შემდეგ იქნება ერთი დიდი აქცია საჭირო, სადაც ხალხი კიდევ ერთხელ დაანახებს ამ რეჟიმს, რომ ეს პროტესტი არანაირ სეზონურობას არ ექვემდებარება.
- რას უცდის ივანიშვილი – მასობრივი ძალადობის შემდეგ „ოცნება“ ნაკლებად იმჩნევს საპროტესტო აქციებს. ივანიშვილმა ერთხელ უკვე თქვა, რომ მისი სტრატეგია ოპონენტების გადაღლას ეფუძნება. ამჯერად რა სტრატეგიით მოქმედებს ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით?
ჩემი აზრით, ივანიშვილი არის შიშით შეპყრობილი ადამიანი. მისი გეგმა იმდენად არის თვითგადარჩენაზე ორიენტირებული, რომ ცდილობს, მისთვის საუკეთესო თვითგადარჩენის ვარიანტი გამოისყიდოს.
მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ არის რაღაცები კიდევ, რაც არ დაუსანქცირებიათ. ასევე ვიცით, რომ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ საფრანგეთის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას მოქალაქეობა.
- რის საფუძველზე შეუძლია, არსებობს ამის პრეცედენტი?
მარტივი არ არის, მაგრამ ფრანგული კანონმდებლობით, თუკი დაამტკიცებენ, რომ ივანიშვილი წარმოადგენს საფრთხეს საფრანგეთისთვის, შესაძლოა ესეც გახდეს ვაჭრობის საგანი. საფრანგეთის მოქალაქეობა ივანიშვილისთვის რუსეთისგან თავდაცვის გარანტიაც შეიძლება იყოს.
ლიეტუვას შემთხვევაშიც არსებობს ასეთი პრეცედენტი, როცა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს პირი და ჩამოართვეს მოქალაქეობა.
შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი რისკი ივანიშვილისთვის. მეორე რისკი არის ფული და კომპანიები, რომლებიც ივანიშვილს აქვს და რა თქმა უნდა, მისი ოჯახის ფულიც.
ერთია ის შიში, რომ რუსეთი რას უზამს, თუკი ის აქ დათმობს სიტუაციას და მეორე, რამდენ ფულს დაკარგავს.
თუკი ივანიშვილს ექნება გარანტიები, რომ ის თავისი ფულის ნაწილს შეინარჩუნებს, შესაძლოა რაღაც დათმობებზე წამოვიდეს იძულებით. ამიტომ აქ ვხედავ მაკრონის და, ზოგადად, დასავლეთის ჩართულობას, რომ დაანახონ ივანიშვილს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი მისთვის. მეორე მხრივ, ხალხმა უნდა დავანახოთ ივანიშვილს, რომ მისი და მისი მთავრობის აქ ცხოვრება წარმოუდგენელი იქნება.
თუ ისინი ვერ გაივლიან ქუჩაში თავისუფლად, ისე, რომ ვიღაცამ არ მიაძახოს „მონა, მონა“, თუ ვერ დაჯავშნიან სასტუმროებს, ვერ ივლიან თავისუფლად ევროპაში, რადგან იქაც დიასპორა დახვდებათ, ეს ძალიან რთული იქნება მათთვის. განაგრძეთ კითხვა
წყარო: ბათუმლები










