უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, იაპონიის მთავრობამ სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს. მათ შორის არიან: კორპორაცია „რენოვა“-ს ხელმძღვანელი, მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი, „პუტინის ბანკირად“ წოდებული იური კოვალჩუკის ოჯახის 5 წევრი და რუსეთის დუმის 11 დეპუტატი, მათ შორის კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი.
სანქციები ითვალისწინებს მათი აქტივების გაყინვას და იაპონიაში ჩასვლის აკრძალვას. სააგენტო Reuters-ი იაპონიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტოკიოს მიერ სანქცირებული რუსების რიცხვი 61-მდე გაიზარდა.