ევროპული კომისიის პრეზიდენტი რუსეთს უკრაინის საზღვართან დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მეზობლების წინააღმდეგ იმოქმედებს, ევროკავშირი არა მხოლოდ არსებულ სანქციებს გაამკაცრებს, არამედ ახალ შეზღუდვებს დააწესებს.
„ველოდებით, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს დეესკალაციას, შეწყვეტს მოქმედებებს თავისი მეზობლების წინააღმდეგ, პატივს სცემს მათ სუვერენიტეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი მზად არის არა მხოლოდ გააძლიეროს არსებული სანქციები, არამედ მიიღოს კიდეც ახალ სფეროებში ეკონომიკიდან დაწყებული, ფინანსებით დასრულებული“ , – განაცხადა ლაიენმა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთთან კარგი ურთიერთობების მომხრეა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი მოსკოვი არ დაემუქრება თავის მეზობლებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი -2“ გახდეს სანქციების საგანი რუსეთის წინააღმდეგ, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს და ის ზეწოლის საშუალებად არ უნდა იყოს გამოყენებული.
„თუკი იქნება აგრესია, იქნება პასუხიც, ეს ცხადია. ეს ჩვენ საჯაროდ არ უნდა განვიხილოთ. მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკა არ გამოიყენებოდეს ზეწოლის საშუალებად. ევროპის და მისი მეზობლების ენერგეტიკული უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მან.










