თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
მოსამართლე მხარეებს განაჩენის გამოცხადების თარიღს აცნობებს.
თოშხუასა და შერვაშიძის საქმეზე დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამაც.
„ჩვენი მოქმედება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით და ეს იყო თავდაცვა იმ სიკეთეების, რაც ჩვენ შევადგინეთ, როგორც ცალკეულმა, ისე ერთობლივმა ინდივიდებმა
…მე არ მაქვს ჩემი ღირსების შემლახველი და მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფის მოთმენის ვალდებულებები და თავი დავხარო ჩემს მიმართ განხორციელებული უსამართლობის წინაშე, არც ერთი კანონი არ მავალდებულებს ამას. ვერც ერთი ბრალი ვერ დაასაბუთებს იმას, რომ მე ვიყავი აგრესიის გამომწვევი, აგრესიის ინიციატორი და არა – ის თავდაცვითი მოქმედებები, რაც მოჰყვა ჩვენზე განხორციელებული აგრესიის ნეიტრალიზებას.
ფაქტია, ბექა გოცირიძის აღნიშნული ტერიტორიიდან გაცილების შემდეგ იქ ურთიერთობა გაგრძელდა წყნარ, მშვიდ, არაკონფლიქტურ გარემოში. იქ დამატებით რამე, ადევნებები ჩვენ მიერ არ ყოფილა განხორციელებული.
თავს ვგრძნობ სრულიად უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალში და ერთი ისაა, რომ სისტემამ იხელმძღვანელა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვარ, იმიტომ, რომ ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო ჩემზე განხორციელებული ზეწოლა და მით უმეტეს, ის რეპრესიული კანონები, რაც მიღებულია, ფაქტია, რუსთაველზე დღეის მდგომარეობით გადასვლა იმდენად კრიმინალიზებული გახდა, რომ შეიძლება, ტერორისტად მოინათლო. ჩემი გარეთ ყოფნის დროს ავტორიტარიზმი მყარდებოდა და უკვე დიქტატურამ მოახდინა კონსოლიდირება“, – თქვა მან.

2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ პროტესტის ორი აქტიური მონაწილე – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დააკავა.
პროკურატურის მტკიცებით, მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს. დაცვის მხარის პოზიციით, კონფლიქტი პროვოცირებული იყო ბექა გოცირიძის მხრიდან. ფიზიკური შეხება კი, ერთმანეთის მიმართ, ორივე მხრიდან მოხდა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულების მხრიდან იმ ინტენსივობის დარტყმას ადგილი არ ჰქონია, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი შეიძლება გახდეს. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ეს ასევე დაადასტურა დაზარალებულმა ბექა გოცირიძემ.
2025 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე სწორედ დაზარალებულის სტატუსის მქონე ბექა გოცირიძე დაიკითხა. მან დაკითხვისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება დაადასტურა – მათ შორის დაადასტურა რუსთაველის პროტესტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და აღნიშნა ისიც, რომ ჩხუბის დროს – „მე თავს ვიცავდი, მეც ვურტყამდი, ხელს მეც ვიქნევდი”.
პროცესზე მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პრეტენზია არ აქვს ბრალდებულების მიმართ და მიესალმება, თუკი ისინი გირაოთი გათავისუფლდებოდნენ.