თერჯოლის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობაზე მედიკამენტები რეცეპტის გარეშე გასცა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში არაერთ დარღვევაზეა საუბარი, მათ შორის აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალტეტის მიერ განხორციელებულ სოციალური უზრუნველყოფის პროექტებში.
კერძოდ, ირკვევა, რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტმა 58 შემთხვევაში, დაახლოებით, 4.000 ლარის ღირებულების მედიკამენტის ტალონი გასცა რეცეპტის წარმოდგენის გარეშე, მხოლოდ აფთიაქის ამონაწერის საფუძველზე, შესაბამისად აუდიტის სამსახური მიუთითებს რისკზე, რომ პროგრამით შესაბამისი საჭიროების არმქონე პირებმაც ისარგებლეს.
„2017 წელს მუნიციპალიტეტმა გაჭირვებულ მოქალაქეებზე მედიკამენტებით დახმარების მიზნით, ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გააფორმა შპს „ავერსი-ფარმა“-სთან. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში 915 მოქალაქეზე გაიცა 68.6 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ ბენეფიციარებს ექიმთან ვიზიტისათვის არ გაეწიათ დამატებითი ხარჯი. აღნიშნული განმარტება ვერ ჩაითვლება ობიექტურ გარემოებად, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ პროგრამით ისარგებლა კონკრეტული საჭიროების არმქონე ბენეფიციარმა“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.