განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ისურვებდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში.
„ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, – წერს თეა წულუკიანი.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა.
ფაქტს დღეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარი არაეთიკურია.
ჰარცელმა თქვა ისიც, რომ მას უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა.
„ყველამ ვიცით, რომ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად ვთვლი, თუმცა ეს ჩემი განსასჯელი საკითხი არ არის. მე ვიცი, რომ საკითხს სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის ვალდებულების თვალსაზრისით სწავლობს და ვნახავთ, რა იქნება მათი მოსაზრება“, – აღნიშნა ელჩმა.










