თბილისში ინდოელი მოაზროვნის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა. ღონისძიება ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწყო.
ძეგლი მასთან ერთად საქართველოს ვიცე პრემიერმა დავით ზალკალიანმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ გახსნეს.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მასთან ერთად გავხსნა ინდოელი ხალხის სულიერი ლიდერის, დამოუკიდებელი ინდოეთის ფუძემდებლის და მსოფლიოში აღიარებული უდიდესი ჰუმანისტისა და პოლიტიკური მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში“, – თქვა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით განდის ღირებულებები და ფილოსოფია ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როგორც წინა ათწლეულების განმავლობაში იყო, რადგან საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების დღის წესრიგში კვლავ არის ძალადობასთან, რადიკალიზმთან, რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები.










