თბილისის საქალაქო სასამართლომ 7- მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის, სარჩელი სამჯერ დაახარვეზა.
სარჩელით გრიგორიადისი ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ბოდიშის მოხდას სთხოვდა. მორალური ზიანი, სიმბოლურად, 15-15 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.
თავდაპირველად სასამართლომ გრიგორიადისის ადვოკატებს სარჩელში დავის საგნის უკეთ განსაზღვრა მოსთხოვა. თუმცა, ამ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ წარმოებაში მაინც არ მიიღო.
გრიგორიადისის ადვოკატებმა ადმინისტრაციული სარჩელი აქტივისტის პატივისა და ღირსების დასაცავად მოამზადეს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები 21 წლის დემონსტრანტის “ანარქისტად” გამოცხადებას ემსახურებოდა.
“ითხოვდნენ მორალურ ზიანს იმასთან დაკავშირებით, რომ მიადგა მორალური ზიანი ლაზარე გრიგორიადისს მის ორიენტაციასთან დაკავშირებით, მის გარეგნობასთან დაკავშირებით… ნუ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ვარაუდი ისეთია, რომ, ვინაიდან, ეხება პოლიტიკურ ფიგურებს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მიზეზით შესაძლებელია ყოფილიყო დახარვეზებული”, – ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.










