მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაგეგმილია გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სპექტაკლის ,,მედეა“ წარმოდგენა.
სპექტაკლი გაიმართება საერთაშორისო ლიტერატურის XVII სიმპოზიუმისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი დაფუძნდა 2016 წელს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის ხელმძღვანელობით. იგი თანამედროვე ბალეტის პირველი კამერული დასია საქართველოში. თბილისის თანამედროვე და ნოვატორული დასი განსხვავებული ხარისხით, ესთეტიკით, თანამედროვე ფორმების ძიებით, მხატვრული ხედვითა და საავტორო რეპერტუარით გამოირჩევა. გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში თანამედროვე ქართული ქორეოგრაფიის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
დასს ქ.ქუთაისში წარმოდგენილი აქვს სპექტაკლი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე ,,დოვინ-დოვენ-დოვლი…“ და დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით დადგმული თანამედროვე ბალეტი ,,ბეატრიჩე“.
ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის ავტორობით თანამედროვე ბალეტის ,,მედეა“ პრემიერა გაიმართა ქ.თბილისში.