გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.
აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა თამაზაშვილი.
ინფორმაციისთვის, თეონა თამაზაშვილმა შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურას ხელახალი გამოძიების ჩატარებისთვის 19 აგვისტოს მიმართა.
თეონა თამაზაშვილის შეფასებით, მისი შვილი თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს და აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჩნია.
„თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იცის ღარიბაშვილმა და ეს არის მისი ვაჭრობის საგანი. ღარიბაშვილმა ძალიან ბევრი იცის. ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ, ამას იმით ვასაბუთებ, რომ „ვილა ალგეთის“ მეპატრონე იყო იგივე ღარიბაშვილი, რომელმაც არ უარყო ნათესაური კავშირი ირაკლი ღარიბაშვილთან. ის რამდენიმე თვის შემდეგ საეჭვო ვითარებაში გაქრა, კაცი, რომელიც იძახდა, რომ თქვენი შვილი მოკლესო“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.










