აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ “თალიბანმა” უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას საერთაშორისო საზოგადოების აღიარება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ABC- სთან ინტერვიუში განაცხადა.
ამავე დროს, ბაიდენი თვლის, რომ მოძრაობის იდეოლოგია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
”მე ვფიქრობ, რომ ისინი ერთგვარ ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდიან: სურთ თუ არა მათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურ მთავრობად აღიაროს? არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ ეს სურთ”, – განაცხადა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დასძინა, რომ “თალიბანმა” ხალხზე უნდა იზრუნოს, მაგრამ მას ეჭვი ეპარება, რომ მოძრაობა ავღანელების პრობლემებით დაკავდება.
”მათ უნდა იზრუნონ იმაზე, აქვთ თუ არა მათ საჭმელი, აქვთ თუ არა შემოსავალი, შეუძლიათ თუ არა ეკონომიკის მართვა, შეუძლიათ თუ არა საზოგადოების გაერთიანება, რომელზეც, მათი თქმით, ასე ზრუნავენ. მე არც ერთი ამის იმედი არ მაქვს”, – აღნიშნა მან.
ბაიდენმა დაამატა, რომ ქალთა უფლებების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა და არა სამხედრო ძალა.
ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანი” ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.










