თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვაზე.
რაც შეეხება აშშ-ის მხრიდან, სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორის” უვადოდ შეჩერებას, ჩიქოვანი ამბობს, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც:
“ეს ჩვენთვის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი. შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. საერთაშორისო წვრთნებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი ატარებენ, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებს, რადგანაც ერთი მხრივ, ეს ხელს უწყობს ჩვენი თავსებადობის გაზრდას, მეორე მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებს.
თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება.
რაც შეეხება „ევროპის მშვიდობის“ ფონდიდან რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება. ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა ძირითადად არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, – ამბობს ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.










