აჩხერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საავტომობილო გზების გარდა დაზიანებულია გაბიონები, მოსახლეობის ნაწილს დაუზიანდა სავარგულები.
“საჩხერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ვითვლით. რიგ ადგილებში მეწყერიც ჩამოწვა, გუშინვე მოვახდინეთ რეაგირება, მოსახლეობას გადაადგილებაზე პრობლემა არ შექმნია. საავტომობილო გზების გარდა დაზიანებულია გაბიონები, მოსახლეობის ნაწილს დაუზიანდა სავარგულები. ზარალის დათვლა მიმდინარეობს და ხვალისთვის უკვე გვეცოდინება რა სახის ზარალი მიადგა საჩხერეს და მის მოსახლეობას.
უეცარი მოვარდნა იყო მცირეწყლიანი მდინარეების, რომლებიც აქამდე საშიშროებას არ წამოადგენდა, ცენტრალურ ბიუჯეტს დახმარებისთვის მივმართავთ იმის მიხედვით, რა მიმართულებით იქნება ზარალი. ზარალი ანაზღაურდება და გზები აღდგება”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
უხვი ნალექის შედეგად საჩხერის მუნიციპალიტეტში მთის რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დააზიანა საავტომობილო გზები და სავარგულები.