ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა . შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ექვსი მეხანძრე.
ხანძარი კამპანარის რაიონში გაჩნდა და გვერდითა შენობაზეც გადავიდა. ადგილზე 20-ზე მეტი ეკიპაჟი მუშაობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა, მოსახლეობის ნაწილი შენობაში იყოს ჩარჩენილი.
კორპუსში მცხოვრებმა ერთ-ერთმა კაცმა ადგილობრივ მედიას უთხრა: “ცეცხლი 10 წუთში გავრცელდა”.
ინჟინერმა დევიდ ჰიგერამ El País-ს უთხრა, რომ ცეცხლის სწრაფი გავრცელების მიზეზი, შესაძლოა, შენობის მოპირკეთება იყო. მისი თქმით, ალუმინის ფირფიტები ქაფის იზოლატორით, რომლებიც შენობის გარე ფენას ქმნიან, “ძალიან კარგია სიცხისა და სიცივისგან იზოლაციაში, მაგრამ ძალიან აალებადი”.
მეხანძრეები ადგილობრივი დროით 17:30 საათზე გამოიძახეს. რაიონში საველე ჰოსპიტალი შეიქმნა. ხელისუფლების განცხადებით, სახლებიდან დევნილი ადამიანები სასტუმროებში განთავსდებიან.