„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოთხი ქალაქიდან ორში, თელავსა და რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, თელავში ალოკაციის პრინციპით ჩატარებული გამოკითხვისას, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი 40.22%-ით ლიდერობს, მომდევნო ადგილზე კი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილია.
რაც შეეხება ალოკაციის გარეშე ჩატარებული კვლევის შედეგებს, ამ შემთხვევაშიც, პირველ და მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 33.14%-ითა და 31.07%-ით არიან.
განსხვავებული შედეგებია ქუთაისში მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41%-ით ლიდერობს, მომდევნო ადგილზეა 38%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს ალოკაციის გარეშე ჩატარებულ შედეგებშიც.
რუსთავში ჩატარებული პარტიული კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე 42.01%-ით ლიდერობს, მომდევნო ადგილზე კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი 36.89%-ით ნინო ლაცაბიძეა. დავით კირკიტაძე ლიდერობს ალოკაციის გარეშე ჩატარებულ კვლევაშიც.
რაც შეეხება ბათუმში ჩატარებულ კვლევას, შედეგების მიხედვით, ბათუმში არჩევნებისას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 37.00%-ს აიღებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე კი 35%-ს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, კვლევა ოთხ ქალაქში: რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა. კვლევის მიმდინარეობისას კი თითოეულ ქალაქში 600 ადამიანი გამოიკითხა. დასაშვები ცდომილება 3%-ის ფარგლებშია. კვლევის საველე სამუშაოები 5-11 აგვისტოს ჩატარდა.









