ქუთაისში 2 მაისს ნინო სურგულაძე და ესპანელი ტენორი სერხიო ესკობარ-პერესი იმღერებენ – ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო დოკუმენდაციაში წერია. დოკუმენტებში ასევე ნაჩვენებია რომ, 2 მაისს, ქუთაისში სტეფანე მღებრიშვილს ბენდთთან ერთად უნდა ემღერა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ, სტეფანე ღონისძიებაში მონაწილოებაზე უარს აცხადებს.
როგორც მერიაში “მეგა ტვ”-ს განუცხადეს ხვალ გახდება ცნობილი, თუ ვინ ჩაანაცვლებს სტეფანე მღებრიშვილს და ოფიციალური დოკუმენტებიც ხვალვე განახლდება.
ხელშეკრულებების მიხედვით მუსიკოსებისათვის ქალაქის მერიას 69 303 ლარი აქვს გამოყოფილი. აქედან 14 300 ლარს ნინო სურგულაძე მიიღებს, 6 900 დოლარს გადაუხდიან ესპანელ ტენორს, ხოლო სტეფანე მღებრიშვილისათვის და მისი ბენდისათვის, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით 36 580 ლარი იყო გათვალისწინებული.
“2024 წლის 2 მაისს ქ.ქუთაისში ტარდება ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,ქუთაის ქალაქობა“, რომელიც სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება.
ქუთაისისთვის ეს დღესასწაული მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია და ყოველ წელს უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა კულტურისა და ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარების და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 2024 წლის 2 მაისს ქალაქის დღესასწაულზე ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ოპერის ვარსკვლავის ნინო სურგულაძის მონაწილეობით. კონცერტში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ესპანელი ტენორი სერხიო ესკობარ-პერესი, ქართული ოპერის თვალსაჩინო წარმომადგენელი მარიკა მაჩიტიძე და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი. დღის ბოლოს, ღია ცის ქვეშ კონცერტს გამართავს ცნობილი ქართველი მომღერალი, ავტორ-შემსრულებელი სტეფანე მღებრიშვილი ბენდთან ერთად.” – წერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო დოკუმენდაციაში.