ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ იმ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომლის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო და ოკუპაციაც საქართველოს დანაშაულით მოხდა.
ამის შესახებ კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას ეხმაურება.
„იმ რეზოლუციას ღიად დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო და ლოგიკურად, ოკუპაციაც, საქართველოს დანაშაულით მოხდა. ამის შემდეგ, ეს პოლიტიკური ძალა ბრალს სდებს „ქართულ ოცნებას”, თითქოს ჩვენ ვატარებთ ოკუპანტის ინტერესს და გამოგვყავს საქართველო ომის დაწყების ინიციატორად. ამ უკანასკნელს, ყოველდღიურად ააქტიურებენ მათი პროპაგანდის ტელე თუ ინტერნეტ მედიასაშუალებები. ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? ფაქტი ჯიუტია და დასკვნის გაკეთება არ უჭირს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროპაგანდა საზოგადოების მცირე ნაწილზე ზეგავლენას მაინც ახდენს. საზოგადოების ამ ნაწილს ვთხოვდი, ფაქტების და შედეგების მიხედვით შევაფასოთ უახლოესი წარსული და ის დიდი ტრაგედია, რაც ქვეყანას დამართეს. როდის იყო პროპაგანდის საფუძველზე ადამიანს სწორი დასკვნა გამოჰქონდა?!“- განაცხადა კილაძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.