საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მის facebook-სა და ახალგაზრდა უკრაინელი პოლიტიკოსის facebook გვერდებზე გამოქვეყნდა მოკლე ვიდეო, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ცხოვრების ახალი თანამგზავრის შესახებ აცნობა.
როგორც ვიდეომიმართვიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილი დაქორწინდა.
“მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს, მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრება, მაგარი წარსული, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ყველა წინა ურთერთობისა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ ყველასი, დღეს მე და ლიზა იესკო ვართ ერთად, ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, ყველამ გაიგოს ჩვენი ურთიერთობა და გვისურვოს ბედნიერება” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის ახალი რჩეული უკრაინელი პოლიტიკოსი, 30 წლის ლიზა იასკოა. დამთავრებული აქვს ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, არის პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი და ფლობს ამავე უნივერსიტეტში მიღებულ მაგისტრის ხარისხს. ასევე გაცვლითი პროგრამით სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში.
ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს საჯარო პოლიტიკის სპეციალობით. აღნიშნული ხარისხი მან ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ლიზა იასკო იყო პირველი უკრაინელი, რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბლავატნიკის საჯარო მმართველობის სკოლა დაამთავრა. დიდ ბრიტანეთში სწავლისას ის იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის უკრაინული საზოგადოების პრეზიდენტი.
უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მან ჩამოაყალიბა მოძრაობა “ყვითელი, ლურჯი სტრატეგია”, რომელიც ახორციელებს კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს დიპლომატიის, პოლიტიკის, საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობებისა და უკრაინის ეკონომიკური განვითარების სფეროებში.
ის არის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კონსულტანტი პოლიტიკური და კულტურული რეფორმების მიმართულებით.
2019 წლიდან არის უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, პრეზიდენტ ზელენსკის პარტია “სლუგა ნაროდადან”. არის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი.